English / ქართული / русский /
ლია დვალიშვილი
გარემოს დაცვის ეკონომიკური პრობლემები

ანოტაცია. ნაშრომში მიმოხილულია კაცობრიობის გლობალური პრობლემების არსი და მნიშვნელობა. მითითებულია ამ პრობლემათა სიმწვავისა და საზოგადოებაზე ზემოქმედების მასშტაბებზე.

აღნიშნულია ადამიანის ბუნებაში ჩარევის მოცულობასა და მის შედეგებზე, ზოგადად გლობალურ პრობლემებს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირსა და გლობალურ გარემოში საზოგადოების საქმიანობის შედეგებზე.


გამოკვეთილია გარემოს დაცვის პრობლემების სიმწვავე და მასშტაბები.

განხილულია ბუნებრივი რესურსების წარმოებაში სულ უფრო მეტი რაოდენობით ჩართვის შედეგად ექსტერნალიების უარყოფითი გავლენა საზოგადოებრივ განვითარებაზე.
აღნიშნულია XXI საუკუნეში გარემოს დაცვის მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, თუ რაზე უნდა გაკეთდეს განსაკუთრებული აქცენტი.
მითითებულია, როგორ უნდა მოხდეს წარმოების ტექნოლოგიის ტიპის გარდაქმნა ეკოლოგიურ საფუძვლებზე, როგორ უნდა შეფასდეს გარემო და რას უნდა ითვალისწინებდეს ეკოლოგიური ტექნოლოგიის დანერგვა.
საკვანძო სიტყვები: ექსტერნალიები, ეკოლოგიური კვალი, ეკოსისტემა, ეკოლოგიური პრობლემები, ალტერნატიული ტექნოლოგიები, ეკოლოგიური ექსპერტიზა, ეკოლოგიური ინოვაცია, ეკოლოგიური ეთიკა, მდგრადი განვითარება, ეკოლოგიური ეკონომიკის კონცეფცია.

* * *


XXI საუკუნე ..... კაცობრიობას შეუნელდა უკიდეგანო სამყაროსთან ჰარმონიული ურთიერთობის განცდა.
XXI საუკუნე - ახალი დრო, ახალი აზროვნებით ითხოვს სამყაროსთან ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნებას.
კაცობრიობის გლობალური პრობლემები თავისი ურთიერთზემოქმედებითა და ურთიერთდამოკიდებულებით თავისებურ სამკუთხედს ქმნის. ამ სამკუთხედს ადგენს საზოგადოება, მისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და გარემო.
ზოგიერთი შეფასების თანახმად, კაცობრიობის თითქმის 300 პრობლემას გლობალური ხასიათი აქვს. ამ პრობლემებს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირი არსებობს. შუძლებელია რომელიმე ერთი პრობლემის გადაწყვეტა მეორის გარეშე. თითოეული მათგანი კი პირდაპირ კავშირშია დედამიწაზე სიცოცხლის არსებობასთან. ამ პრობლემებს შორის „საპატიო“ ადგილი უჭირავს ეკოლოგიურ პრობლემებს.
ეკოლოგიის სხვადასხვა პრობლემურ გამოკვლევებში აღნიშნულია იმის შესახებ, რომ გარემო ბუნების დაცვის პრობლემამ მიიღო გლობალური ხასიათი და იგი იქცა კაცობრიობის ერთ-ერთ გადაუდებელ ამოცანად.
ზოგიერთ ნაშრომში ვხვდებით ხატოვან გამოთქმასაც „ან ჩვენ უნდა მოვსპოთ გარემო ბუნების გაჭუჭყიანება, ან ის მოგვსპობს ჩვენ“.
საზოგადოების განვითარების თანამედროვე ეტაპზე გლობალური ეკოლოგიური ტენდენციები აშკარად შემაშფოთებელია, ამიტომ ადამიანისთვის სასიცოცხლო სივრცის, გეოგრაფიული გარემოს ხელსაყრელი პირობების შენარჩუნება არა მარტო გარკვეული ქვეყნების შიდა, არამედ საერთაშორისო პრობლემაა, რადგან ეკოლოგიური პრობლემებისათვის არ არსებობს ცნება „სახელმწიფო საზღვარი“.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე პირობებში გაჭუჭყიანებული გარემო-ბუნება არ წარმოადგენს ბუნების პროცესების თავისთავადი მიმდინარეობის შედეგს, არამედ მას ქმნის ადამიანთა არასწორი დამოკიდებულება ბუნებრივი სიმდიდრის გამოყენებისას. ადამიანის მიერ შეცვლილი ბუნების საზოგადოებაზე ზემოქმედების მასშტაბების ზრდამ ჩაუყარა საფუძველი ბუნებასა და საზოგადოებას შორის დაძაბულ ურთიერთობას.
სამეურნეო საქმიანობის გიგანტურად მზარდი მასშტაბების ფონზე განსაკუთრებული სიმწვავით ისმება ადამიანთა ბუნებაზე ზემოქმედების რეგულირების პრობლემა. ძნელია ვიმოქმედოთ ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნებაზე მაშინ, როცა წარმოების სფეროში ჩართულია ჩვენი პლანეტის თითქმის ყველა ბუნებრივი რესურსი და მსოფლიო ოკეანეთა სიმდიდრის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ეკოლოგიური პროცესები, რომლებიც ადრე საზოგადოებისაგან დამოუკიდებლად, თვითდინებით მიმდინარეობდა თანამედროვე ეტაპზე გადაიქცა შეგნებული საზოგადოებრივი ზემოქმედების ობიექტად. ე.ი წარმოიშვა საზოგადოებისა და ბუნების ურთიერთზემოქმედების პროცესებში ხელოვნური ჩარევის აუცილებლობა მათი რეგულირების მიზნით.
XX საუკუნის მეორე ნახევარში კაცობრიობის წინაშე დადგა უპრეცედენტო ამოცანა - აუცილებელი გახდა გლობალური ეკონომიკის, ეკოლოგიისა და სხვა ცხოვრებისეული სფეროების რეგულირებისათვის საჭირო ახალი მექანიზმების გამოვლენა.
გარემოს ცვლილება და მასზე ზემოქმედება, განსაკუთრებით გაიზარდა XX საუკუნის მეორე ნახევრიდან. ბუნებასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობაში მოხდა ხარისხობრივი ნახტომი, როცა მოსახლეობის სწრაფი ზრდის, ინტენსიური ინდუსტრიალიზაციისა და ურბანიზაციის პროცესების შედეგად სამეურნეო დატვირთვებმა თითქმის მთელ პლანეტაზე ეკოლოგიური სისტემის უმთავრეს, თვითგანწმენდისა და რეგენერაციის უნარს გადააჭარბა. შედეგად დაირღვა ბიოსფეროს ნივთიერებათა წრებრუნვა, მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ახლანდელი და მომავალი თაობების ჯანმრთელობა და ეკოლოგიური უსაფრთხოება.
ბუნება, ფართო მნიშვნელობით, მთელი სამყაროა, ვიწრო მნიშვნელობით კი შემოიფარგლება დედამიწით. დედამიწის თავისებურებაა მასზე სიცოცხლის არსებობა და განვითარება, რომელიც 2-3 მლნ წლის წინათ ადამიანის წარმოშობით დაგვირგვინდა.
სწორედ ადამიანთა გაჩენის დღიდან იწყება მისი და ბუნების ურთიერთობა ჩვენს პლანეტაზე. ადამიანის ბუნებაში ჩარევამდე „ეკოლოგიური ჰარმონია“ იყო. ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ ადამიანი დაიწყებდა აზროვნებას, შრომის იარაღების დამზადებას. მისმა არასწორმა შრომითმა საქმიანობამ ეს წონასწორობა დაარღვია, რასაც ბუნებამ სხვადასხვა სტიქიებითა და კატაკლიზმებით უპასუხა.
ადამიანი ბუნების ყველაზე დიდი სიმდიდრეა. ადამიანის და ბუნების სხვა შვილთა სიცოცხლე და კეთილდღეობა დედამიწაზე თავისთავად ღირებულებაა. ეს ფასეულობები მნიშვნელოვანია იმისდა მიუხედავად, თუ რა სარგებლობა მოაქვს დედამიწას და მის რესურსებს კაცობრიობის მიზნებისათვის, შესაბამისად, კაცობრიობას არ აქვს უფლება, გაანადგუროს დედამიწაზე არსებული რესურსების მრავალფეროვნება საკუთარი სასიცოცხლო მიზნების დაკმაყოფილებისათვის.
თავისი ისტორიის განმავლობაში ადამიანი მუდმივად რთავს თავის საქმიანობაში სულ ახალ ახალ წიაღისეულს. თუკი ჩვენს ერამდე კაცობრიობა გამოიყენებდა დაახლოებით 20 ქიმიურ ელემენტს, XVIII საუკუნეში კი 30-ს, ახლა იგი 150-ზე მეტია. წარმოებაში პრაქტიკულად ჩართულია ყველა ელემენტი, რაც არსებობს დედამიწის ქერქში.
ათასწლეულების განმავლობაში ადამიანი მუდმივად ავითარებდა თავის ტექნიკურ შესაძლებლობებს, ძლიერდებოდა მისი ბუნებაში ჩარევის მასშტაბები და, ამასთან, ყურადღების მიღმა რჩებოდა ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორიცაა ბიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება.
ადამიანი თავისი ეკონომიკური საქმიანობით ზემოქმედებს ბუნებრივ გარემოზე, იყენებს რა მის წიაღისეულ, კლიმატურ, წყლის, ნიადაგის, მცენარეულ თუ ფაუნის რესურსებს, რომელთაც მიემატა ატომური და პლანეტარულ-კოსმოსური რესურსიც. ეს აისახება რელიეფზე, ჰიდროგრაფიულ ქსელზე, მიკროკლიმატურ პირობებზე, მცენარეულ და ცხოველთა სამყაროზე.
გარემომცველი ბუნების გარდა ადამიანს არსებობის სხვა წყარო არ აქვს, რასაც ისინი ბუნებისაგან იღებენ, შემდეგ სულ სხვა სახით გამოყენებით, სხვა ადგილზე და სხვა რაოდენობით უბრუნებენ ბუნებას.
ფართო გაგებით, ეკოლოგია ცდილობს სამყაროს იმ კანონების შეცნობას, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს, იმისათვის, რომ გამოიმუშაოს,უსაფრთხო წესები ადამიანისა და კაცობრიობის სიცოცხლისათვის, მის გადასარჩენად.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ეკოლოგიისა და ეკონომიკის ძალზე ახლო ურთიერთკავშირის შესახებ, ტყულად ხომ არ არის ისინი ერთი ფუძისეული სიტყვიდან წარმოშობილი. გერმანული სიტყვის „ეკოლოგიის“ ზუსტი თარგმანი ნიშნავს „საკუთარი სახლის შესწავლას“ („ეკო“ ბერძნულად სახლია). ეკოლოგიის მიერ გამომუშავებული ცხოვრების წესები და ინსტიტუტები მხოლოდ მაშინა არის ეფექტიანი, როდესაც ეკონომიკური მექანიზმები სიცხადეს და ქმედითობას იძენს. მეორე მხრივ, ნებისმიერი მსხვილი ეკონომიკური გადაწყვეტილება თავისთავად უცილობლად იწვევს ეკოლოგიურ შედეგებს, რომლებიც გულდასმით უნდა იქნეს გაანალიზებული მისი მიღების წინ.
არანაკლებ ახლოსაა ეკოლოგიური და სოციალური პრობლემები. გარემოს დაბინძურების, სამკვიდრებელი გარემოს მდგრადობის გაუარესება უდავოდ იწვევს ცხოვრების ხარისხის გაუარესებას და საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისა და ფენების ინტერესებს პირდაპირ ეხება.
გარემო ბუნება, წარმოადგენს რა გარე სამყაროს რაღაც კონკრეტულ ან მთლიან ნაწილს და მასში მიმდინარე მოვლენების ერთიანობას, გვევლინება როგორც განსაკუთრებული სფერო მისი ყველა სახესხვაობითა და კონკრეტულობით, ამიტომ მისი მეცნიერული გამოკვლევა - არა მხოლოდ ეკონომიკური მეცნიერების, არამედ მთელი რიგი საბუნებისმეტყველო, ტექნიკური და საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლის საგნად იქცა.
„ეკონომიკური მეცნიერების ამოცანაა ეროვნული რესურსების საუკეთესოდ გამოყენების გზების ძიება“
ეკოლოგიური პრობლემები სხვადასხვა რეგიონში მეტ-ნაკლები სიმწვავითა და განსხვავებული ტერიტორიული მასშტაბებითაა გამოვლენილი.
კრიზისულ ეკოლოგიურ სიტუაციათა გამომწვევი მთავარი ფაქტორებია: ანთროპოგენური, ბუნებრივი, სოციალური და ეკონომიკური განვითარების თავისებურებანი და სხვ.
გარემოს ფორმები ეკოლოგიური მდგომარეობის მიხედვით შეიძლება იყოს: ბუნებრივი, გაწონასწორებული, კრიზისული, კრიტიკული, კატასტროფული და კოლაფსის მდგომარეობა.
საუკეთესო შემთხვევაა გარემოს ბუნებრივი მდგომარეობა, როდესაც გარემოს შემადგენელი ობიექტები მდგრადობით ხასიათდება და ამ კომპონენტების დღეღამური, სეზონური თუ მრავალწლიური კონცენტრაცია ნორმალურად ფუნქციონირებს, ზღვარს არ აღემატება.
ბოლო პერიოდში ცოცხალი ორგანიზმების საარსებო პირობებსა და სასიცოცხლო სივრცეზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ადამიანის სამეურნეო საქმიანობით გამოწვეული ზეწოლა.
პლანეტის მოსახლეობა წელიწადში თითქმის 1.6%-ით იზრდება. კიდევ უფრო მაღალია სამრეწველო წარმოების ზრდის ტემპები, დაახლოებით 3.3-3.5%-ით წელიწადში, ანუ 2-ჯერ უფრო მეტი მოსახლეობის ზრდის ტემპებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება ის დარგები, რომლებიც ყველაზე მეტ გავლენას ახდენს ჩვენი პლანეტის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ესენია: ნავთობდამუშავება და ნავთობ-ქიმია, ენერგეტიკა, სატრანსპორტო მანქანათმშენებლობა, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დარგები და ატომური ინდუსტრია, რომლის განვითარების თანამდევი პრობლემა რადიაქტიური ნარჩენების დამარხვაა, ასევე ეკოლოგიურად ყველაზე „საიმედო“ დარგი - სოფლის მეურნეობა, სადაც „მწვანე რევოლუციის“ მეთოდების ფართო გამოყენებამ მთელ რიგ განვითარებად ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაამწვავა ეკოლოგიური ვითარება, თვით ეკოლოგიურად ყველაზე „სუფთა“ რეგიონებშიც კი.
ეკოსისტემებზე ანთროპოგენური წნეხის შესაფასებლად შემოღებული ცნება „ეკოლოგიური კვალი“ შესამჩნევად განსხვავდება სხვადასხვა ქვეყნებში, რასაც ინდუსტრიალიზაციის დონე და მოხმარების მოდელები განაპირობებს. საშუალო სტატისტიკური ადამიანის ეკოლოგიური კვალი მაღალი შემოსავლის ქვეყნებში თითქმის 6-ჯერ მეტია, ვიდრე დაბალი შემოსავლების ქვეყანაში და გაცილებით მეტია იმ „კვალზე“, რომელსაც ტოვებს ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში.
მსოფლიოს „ეკოლოგიური კვალი“ - ეს არის ფუნქცია მოსახლეობის რიცხვიდან, მოსახლეობის ერთ სულზე რესურსების საშუალო მოხმარებიდან და გამოყენებული ტექნოლოგიის ენერგოტევადობიდან [3, გვ. 219].
თანამედროვე მსოფლიოს ეკოლოგიური პრობლემა, სიმწვავესთან ერთად, მეტად მრავალმხრივიცაა. ფაქტობრივად ის მატერიალური წარმოების თითქმის ყველა დარგში და პლანეტის თითქმის ყველა რეგიონში ვლინდება. ძირითადი ეკოლოგიური პრობლემების რიცხვს მიეკუთვნება: კლიმატის შეცვლა; ოზონის შრის ამოწურვა; ტოქსიკური დაბინძურება; ნიადაგის მჟავიანობის გაზრდა; ქალაქებში გარემოს ხარისხის გაუარესება; საფრთხის შექმნა ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული ლანდშაფტებისათვის; წყლის, ტყის და თევზის რესურსების ხარისხის და ოდენობის ამოწურვა; ნიადაგის დეგრადაცია (ეროზია, გაუდაბნოება, დამლაშება).
გარემომცველი ბუნება ნამდვილად „დაავადდა“. კატასტროფული მასშტაბები მიიღო ტყეების განადგურების პროცესმა. დღეისათვის მსოფლიო ტყეების ნახევარი გაჩეხილია, დარჩენილი ტყეების 30% არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. დედამიწაზე ხე-ტყის ჭრა რეკორდული სიჩქარით მიმდინარეობს: წუთში დაახლოებით 20-30 ჰა ტყე იჭრება, რაც 18-ჯერ აღემატება ტყის ბუნებრივ ნამატს. დედამიწის კეთილდღეობა დიდად არის დამოკიდებული ტყის რესურსებზე. ტყეების უნიკალური გენოფონდის განადგურება, მათი, როგორც „პლანეტის ფილტვების“ როლის შემცირებას იწვევს. ბოლო დროს ცხადი გახდა, რომ ჰაერის დაბინძურებას ტყის მასივზეც შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა, რის შედეგადაც ტყის მასივების შემცირების ტენდენცია შეინიშნება.
მსოფლიოს მრავალ ქვეყენას წყლის რესურსების პრობლემა აქვს, რაც არა მხოლოდ წყლის უკმარისობას, არამედ სუფთა, სასმელი წყლის დეფიციტსაც გულისხმობს. 1950-იანი წლებიდან გლობალური მოთხოვნა წყალზე 3-ჯერ გაიზარდა; გრუნტის წყლის მოცულობა და ხარისხი უარესდება, რაც წყლის გაუმართლებლად მაღალი ამოქაჩვით, სასუქების და პესტიციდების ჩადინებით და სამრეწველო ნარჩენების გაჟონვით აიხსნება. მსოფლიოში მოსახლეობა, რომელიც წყლის რესურსების დეფიციტს განიცდის, 0.5 მლრდ ადამიანს შეადგენს. 2025 წლისათვის მათი რიცხვი შესაძლოა 2.4-3.4 მლრდ ადამიანამდე გაიზარდოს.
ბოლო წლებში მეტად გამწვავდა ატმოსფეროს ეკოლოგიური მდგომარეობა, რაც მასში CO2-ის შემცველობის ზრდით გამოიხატება; შედეგად კი ადგილი აქვს ე.წ. „სათბურის ეფექტს“, რაც კლიმატის დათბობას, ყინულების დნობას, მსოფლიო ოკეანის დონის აწევას იწვევს.
მყარი საწვავის მოხმარების შედეგად ნახშირორჟანგის დონე დღეს 18%-ით უფრო მეტია, ვიდრე 1960 წელს და 31%-ით მეტი, ვიდრე 1750 წელს (ანუ სამრეწველო რევოლუციის დასაწყისში) იყო. 1850 წლამდე ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობა მილიონში 280 იყო. 2004 წლისათვის ეს ციფრი 337-მდე გაიზარდა, 2010 წლისათვის კი დაახლოებით 540-970-ს მიაღწია. ეს ტენდენცია უარყოფითად მოქმედებს დედამიწის კლიმატზე. ცნობილია, რომ ჩვენი პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედი მომწამვლელი აირებით გაჭუჭყიანებული ჰაერით სუნთქავს. ძირითადად ეს არის მხუთავი აირები: ნახშირორჟანგი, გოგირდის ორჟანგი და სხვ. შედეგად, მოიმატა გულისა და ფილტვების დაავადებებმა, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში.
ატმოსფეროს გამაჭუჭყიანებელი ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმზე მოქმედების თვალსაზრისით ახდენს ფიზიკურ და ქიმიურ ზემოქმედებას. ფიზიკურ ზემოქმედებას ახდენს რადიაქტიური ნივთიერებები, სითბური გაჭუჭყიანება, ხმაური და დაბალსიხშირიანი ვიბრაციები. ქიმიურ ზემოქმედებას - თხევადი ნახშირწყალბადები, სარეცხი საშუალებები, პლასტმასები, პესტიციდები და სხვა სინთეტიკური ნივთიერებები, აზოტისა და გოგირდის ნარჩენები, მძიმე მეტალები, ფტორის შენაერთები, მყარი მინარევები, ორგანული ნივთიერებები.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ატმოსფერული ჰაერის გაჭუჭყიანება უარყოფით ზემოქმედებას ახდენს არა მარტო ადამიანზე, არამედ ფლორაზე, ფაუნაზე, სხვადასხვა სახის მოწყობილობებზე და სხვ.
სხვადასხვა წყაროებიდან გამოყოფილი ატმოსფეროს გამაჭუჭყიანებელი ნივთიერებები გადააქვს ჰაერის მასებს და ვრცელდება საკმაოდ დიდ მანძილებზე.ამ გაჭუჭყიანებაში განსაკუთრებული ადგილი მიეკუთვნება რადიაქტიურ მინარევებს, რადგანაც სწორედ ისინი წარმოადგენს უდიდეს საშიშროებას. ატმოსფეროს რადიაქტიური გაჭუჭყიანება განსაკუთრებით გააქტიურდა XX საუკუნის 50-60-იან წლებში, რაც დაკავშირებული იყო ბირთვული იარაღის მასობრივ გამოცდებთან.
მსოფლიო ოკეანის პრობლემები ერთდროულად ეკოლოგიური, ეკონომიკური, ტექნიკური და სოციალური ხასიათისაა. მსოფლიო ოკეანის მომავალი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს ადამიანი. ამიტომ მსოფლიო ოკეანის პრობლემების გადაწყვეტა, მისი კოორდინირებული გამოყენება და დაჭუჭყიანების თავიდან აცილება შეთანხმებულ და ერთობლივ საერთაშორისო საქმიანობას მოითხოვს. პრობლემა იმდენად მწვავეა, რომ ითხოვს სასწრაფო ღონისძიებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შეიძლება დაიღუპოს, „მკვდარი“ ოკეანე კი „მკვდარი“ პლანეტის ტოლფასია [15].
ნავთობი და ნავთობპროდუქტები მსოფლიო ოკეანის მთავარი დამაჭუჭყიანებლებია. გამოთვლებით დადგენილია, რომ ოკეანეში ყოველწლიურად 1.5 მლნ ტონამდე ნავთობი იღვრება, მაშინ როცა 25 მლნ ტონა ნავთობი სრულიად საკმარისია, რომ მთელი მსოფლიო ოკეანის ზედაპირი 0.1 მმ სისქის ნავთობის აპკით დაიფაროს. ნავთობის აპკი ხელს უშლის აორთქლებას, ცვლის წყლის ტემპერატურას, რაც წყალში მცხოვრები ორგანიზმების განადგურებას იწვევს.
ადამიანის არსებობა წარმოუდგენელია მიწის რესურსების გარეშე. მიწის რესურსების არარაციონალურ გამოყენებას ცუდი ეკოლოგიური შედეგები მოჰყვება.
მიწის ფონდი დედამიწის ხმელეთის ფართობის ტოლია, თუმცა მისი 30%-ია ვარგისი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის. ჩვენი პლანეტის მიწის ფონდის შენარჩუნება კაცობრიობის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. ნიადაგის წარმოქმნა ათასწლეულების განმავლობაში მიმდინარეობს, ხოლო მის განადგურებასა და უნაყოფო მიწებად გადაქცევას ადამიანის არაგონივრული საქმიანობის შედეგად, სულ რამდენიმე წელი სჭირდება.
1990 წელს ექსპერტთა გამოთვლებით დადგინდა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ინგლისისა და უელსის ტოლი ტერიტორიები ნადგურდება.
ყოველ საათში ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით 700 ჰა ნაყოფიერი მიწის გაუდაბნოება ხდება, დაახლოებით 2000 ბავშვი კვდება შიმშილით, 55 ადამიანი იწამლება და კვდება პესტიციდებითა და სხვა ქიმიური ნივთიერებით, 1000 კაცი იღუპება დაჭუჭყიანებული წყლით, 2000 ტ მჟავური წვიმა მოდის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.
მჟავე წვიმები ბევრი რეგიონისთვის გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. მჟავე წვიმების პრობლემა ამა თუ იმ ქვეყნის ფარგლებით არ შემოისაზღვრება, რადგანაც ატმოსფერული დამაბინძურებლები დიდი მანძილით გადაადგილდებიან. მაგალითად, მჟავე წვიმების უმეტესობა, რომელიც ნორვეგიაში, შვედეთსა და ნიდერლანდებში მოდის, ევროპის სხვა ქვეყნებში გამოყოფილი გოგირდისა და აზოტის ოქსიდებიდან წარმოიქმნება. მჟავიანობის მომატება უარყოფითად მოქმედებს როგორც მცენარეულ, ისე ცხოველურ სამყაროზე. გაზრდილი მჟავიანობა თევზის პოპულაციის მკვეთრ შემცირებას იწვევს. მჟავური წვიმების შედეგად მცენარეული და ცხოველური სამყაროს 5-6 სახეობის წარმომადგენელი ქრება.
დედამიწაზე ყოველ წუთს 20 ჰა ტროპიკული ტყე ნადგურდება, 5500 ტ ნავთობი გამოიყენება, 50 ტ ნაყოფიერი ნიადაგი ნადგურდება არასწორი სამეურნეო გამოყენების შედეგად, ატმოსფეროში 12000 ტ ნახშირორჟანგი გამოიყოფა.
ადამიანის ჯანმრთელობა დიდად არის დამოკიდებული გარემოზე; ამასთან, გარემოს როლის შეფასებისას ყურაღებას ამახვილებენ ბუნების ერთ ან რამდენიმე კომპონენტზე. ამჟამად დედამიწაზე არსებული უმეტესი დაავადების წარმოშობა და გავრცელება პირდაპირ კავშირშია გარემოსა და სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებთან. დადგენილია საკმაოდ კარგი სტატისტიკური კავშირი ჰაერის დაჭუჭყიანების დონესა და ისეთ დაავადებებს შორის, როგორიცაა ზედა სასუნთქი ორგანოების დაავადება, გულის უკმარისობა, ბრონქიტი, ასთმა, პნევმონია, ფილტვების ემფიზება და სხვ.
ბოლო საუკუნის განმავლობაში საგრძნობლად მოიმატა კანის კიბოთი დაავადებულ ადამიანთა რიცხვმა, რაც დაზიანებული ოზონის შრიდან გამომავალი მავნე ულტრაიისფერი სხივების შედეგია.
ადამიანის ჯანმრთელობის მთავარი მაჩვენებელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა. ეს მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყანაში დამოკიდებულია არა მხოლოდ მედიცინის განვითარებაზე, არამედ საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონესა და გარემომცველი სამყაროს მდგომარეობაზე. ამ მაჩვენებლის გაზრდას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
ბოლო მონაცემებით დედამიწაზე ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 70 წელია. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები მიიჩნევდნენ, რომ სიკვდილი 70 წლის ასაკში იგივეა, რაც სიკვდილი აკვანში.
ადამიანს არსებობისათვის სჭირდება ისეთი გარემო, სადაც იქნება სუფთა ჰაერი, წყალი, ჯანსაღი კლიმატი.
სხვადასხვა ზემოქმედებაზე ბუნებრივი კომპლექსების რეაქციის თავისებურებები (მაგალითად, კლიმატური სტრუქტურების ან ეკოსისტემების ტრანსფორმაციის ტემპები) განსაზღვრავს სოციალური, ეკონომიკური და სხვა ბუნებრივი სისტემების მომავალს.
იმის გააზრება, რომ მსოფლიოს ქვეყნები მხოლოდ საკუთარი რესურსებით ვერ შეძლებენ თავის დაცვას გარემოს არახელსაყრელი ცვლილებებისაგან, გავლენას ახდენს გეოპოლიტიკასა და გლობალურ მართვაზე.
გარემოს დაცვა სოციალური მნიშვნელობის პრობლემა და მაკროეკონომიკური რეგულირების მნიშვნელოვანი სფეროა.
ბიზნესის გაფართოებისა და თვისებრივი ცვლილებების საფუძველზე გარემოს დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსების სულ უფრო მეტი რაოდენობით წარმოებაში ჩართვის შედეგად იზრდება ექსტერნალიების უარყოფითი გავლენა საზოგადოებრივ განვითარებაზე. ეს მოვლენა ითხოვს ეკონომიკურ ანალიზსა და სახელმწიფოს მხრიდან აქტიურ ჩარევას, რადგან ექსტერნალიები არღვევს წონასწორობას საზოგადოებას, ეკონომიკასა და ბუნებას შორის.
რამდენიმე ათეული წელია ეს პრობლემა აქტიური განსჯის თემაა. რაც დრო გადის განსაკუთრებით მწვავდება გარემოს დაცვის ეკოლოგიური პრობლემები. მათ წარმოქმნას მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის საფუძველზე ტექნიკის სფეროში დაწყებულმა ბუმმა, რომელიც შემდეგ ტექნოლოგიურ ბუმში გადაიზარდა. გარემოს დაცვამ ფართო მასშტაბები შეიძინა და სახელმწიფო რეგულირების ორბიტაში მოექცა. მაგალითად, 1987 წელს აშშ-ს კონგრესმა მიიღო მრავალმილიარდიანი კანონი წყლის რესურსების გაწმენდის შესახებ. ამასთან, შეიმუშავა კანონმდებლობა ავტომობილების გამონაბოლქვების შეზღუდვის თაობაზე. დადგინდა დასაშვები ნორმები და დაწესდა სტანდარტები როგორც წყლის, ისე ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით. მიღებულ იქნა დადგენილება მომწამვლელი ქიმიკატების გამოყენების წესების მკაცრად დაცვის მიზნით [11, გვ. 205].
ნობელის პრემიის ლაურეატის ჟ. სტიგლიცის აზრით, სახელმწიფოს ჩარევამ ბუნებათსარგებლობის სფეროში შთამბეჭდავი ეფექტი შექმნა: განადგურებას გადაურჩა ბევრი ტბა, მრავალ ინდუსტრიულ ქალაქში საგრძნობლად გასუფთავდა ჰაერი, თუმცა ბევრი ქალაქი ამ მხრივ ვერ გადაურჩა მწვავე პრობლემებს [11, გვ. 206].
სპეციალისტთა აზრით, ეკოლოგიური საფრთხის თავიდან აცილებისა და ეკოლოგიური წონასწორობის აღდგენისათვის, მიზანშეწონილია როგორც საკანონმდებლო-ადმინისტრაციული მეთოდების, ისე ეკონომიკური მექანიზმის გამოყენება. ისინი მიიჩნევენ ექსტერნალიების წარმოების დანახარჯებში ჩართვას იმ პრინციპით, რომ უნდა გადაიხადოს მან, ვინც უშუალოდ აბინძურებს გარემოს. მათი ვარაუდით, ასეთი მექანიზმის დანერგვა გარემოს დაცვის პრობლემას გადააქცევს საწარმოს შიდა პრობლემად, რაც აიძულებს გადამხდელებს, ეძებონ ეფექტიანი, ეკონომიკურად ხელსაყრელი მეთოდები გარე ეკონომიკური ხარჯების შესამცირებლად, რაც შექმნის მაიძულებელ მოტივებს გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ. სახელმწიფომ კი, როგორც საზოგადოების ინტერესების დამცველმა, უნდა დაადგინოს ეკონომიკური განვითარების ეკოლოგიური საზღვრები.
თანამედროვე მძიმე ეკოლოგიური სიტუაციის თავისებური გამოძახილია ე.წ. ეკოლოგიური ეკონომიკის კონცეფცია, რომელმაც ფართო განვითარება პოვა დასავლურ ეკონომიკურ ლიტერატურაში. იგი ითვალისწინებს ეკოლოგ-ეკონომიკური სისტემის შექმნის იდეას და გვთავაზობს ორ გზას: პირველი მიმართულების წარმომადგენლები მთელ ეკოსისტემას ეკონომიკური საქმიანობის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევენ და მოითხოვენ ბუნებრივი პროცესების უარყოფითი ეფექტებისაგან წარმოქმნილი დანახარჯების ჩართვას ეკონომიკურ საქმიანობაში. მეორე მიმართულების წარმომადგენლები კი ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას მეურნეობრიობის ტრადიციული მეთოდების გამოყენებას უკავშირებენ. მეორე მიმართულების მიხედვით, გარემო წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონის მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს. ეს განსაკუთრებით ეხება სუსტად განვითარებულ ქვეყნებს, სადაც კაპიტალის მიწოდების შეზღუდულობის, ახალი ტექნოლოგიების უქონლობისა და მწირი სამეწარმეო გამოცდილების გამო, ადგილობრივ ბუნებრივ რესურსებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. ეკონომიკის განვითარების დაბალი დონე აიძულებს ამ ქვეყნებს, მოახდინონ მოძველებული მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების იმპორტი, რომელთა გამოყენების გრძელვადიანი შედეგების შესახებ (კლიმატზე ზემოქმედებისა და გარემოს სხვა პარამეტრების გათვალისწინებით) ინფორმაციასაც კი არ ფლობენ. ამიტომ ასეთ ქვეყნებში იაფი სამუშაო ძალა და დაბალი საინვესტიციო შესაძლებლობები შრომაინტენსიური ტექნოლოგიების გამოყენებას განაპირობებს. რაც შეეხება ალტერნატიულ ტექნოლოგიებს, რომლებიც იწვევს გარემოს დაბინძურებას შედარებით დაბალი დონით, სამუშაო ძალის ექსპლუატაციის მაქსიმალურად გამორიცხვასა და და ა. შ. ნაკლებად ხელმისაწვდომია ამ ქვეყნებისათვის. ადგილობრივი პრიმიტიული და იმპორტირებული მოძველებული ტექნოლოგიები ხელს უწყობს ეკოლოგიური კატასტროფების წარმოქმნასა და გარემოს დაბინძურებას.
რაც შეეხება განვითარებულ ქვეყნებს, იქ არსებული მაღალგანვითარებული სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი საშუალებას იძლევა, შემუშავდეს და რეალიზდეს ეკოლოგიურ ღონისძიებათა მთელი კომპლექსი.
განვითარებულ ქვეყნებში დიდი ყურადღება ექცევა ეკოლოგიურად მისაღები ტექნოლოგიური წარმოების განვითარებასა და ეკოლოგიურად დასაშვები წარმოებრივი ტექნოლოგიების დანერგვას.
აშშ-ში გამოკვლევებმა აჩვენა, რომ 2-6 წლამდე ბავშვებში ტყვიის მცირე რაოდენობა იწვევს გონებრივ ჩამორჩენილობასა და ნერვული სისტემის სერიოზულ დაავადებებს. ამან აიძულა ამერიკელები, უარი ეთქვათ ეთილირებულ ბენზინზე.
აშშ-ში საჰაერო აუზის ან წყლის რესურსების დაცვის შესახებ კანონის სერიოზული დარღვევები მხოლოდ ერთი დღითაც კი ისჯება 25 ათას დოლარამდე ჯარიმის გადახდით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თვალსაზრისით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ამასთან, კანონმდებლობა ითვალისწინებს ჯარიმების გაუქმებას იმ შემთხვევაში, როდესაც კანონდამრღვევი წარადგენს დაბინძურების დადგენილი ნორმების შესრულების შეუძლებლობის დამადასტურებელ ტექნიკურ და ეკონომიკურ დოკუმენტაციას. ამდენად, ამ პრობლემის ჯარიმებით რეგულირების პრაქტიკა ოპტიმალური გადაწყვეტილებების შემუშავების საშუალებაა.
ეკოლოგიური საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ფართოდ გავრცელდა საინვესტიციო პროექტების წინასწარი სახელმწიფო ექსპერტიზა.
აშშ-სა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში (გერმანია, შვეიცარია, . . .) დიდი ყურადღება ექცევა ეკოლოგიური ექსპერტიზის მექანიზმს უარყოფითი გარე ეფექტების შეფასებისათვის. ეკოლოგიური ექსპერტიზა ითვალისწინებს, სახელმწიფო ეკოლოგიური სტანდარტების დაცვის საფუძველზე, ფირმებისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის უფლების მიცემასა და ახალი პროდუქციის ეკოლოგიური ექსპერტიზის ბაზრებზე პროდუქციის იმ ახალი სახეობების არდაშვებას, რომლებიც ვერ უპასუხებს ეკოლოგიურ მოთხოვნებს.
ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო იყენებს სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბერკეტებს, რათა აიძულოს ბიზნესი, გარემოს აღდგენისათვის მოახდინოს კაპიტალის ინვესტირება. ადმინისტრირება, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების გატარებასა და არაკვლავწარმოებადი ბუნებრივი რესურსების კომერციული მიზნით ექსპლუატაციას, ადამიანთა ჯანმრთელობისათვის მავნე ტექნოლოგიების გამოყენებასა და ა.შ., არ ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.
მდგრადი განვითარების კონცეფციის თანახმად, საზოგადოება და ბიზნესი ეკონომიკურ და სოციალურ პასუხისმგებლობასთან ერთად, ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას იღებენ მომავალი თაობების წინაშე. მდგრადი განვითარების საზოგადოება „დღევანდელი მოთხოვნების დაკმაყოფილებით ეჭვქვეშ არ აყენებს მომავალ თაობათა მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობას“.
დღესდღეობით ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული და „გამოგონებული“ აქტუალური გლობალური პრობლემების გადაწყვეტის საშუალებები, თუმცა კაცობრიობის ნორმალური განვითარების გზა უკვე განსაზღვრულია და ამ „მაგისტრალურ გზას“ მდგრადი განვითარება ჰქვია. მდგრადი განვითარება სამი ურთიერთდაკავშირებული სფეროს - ეკონომიკის, საზოგადოებისა და გარემოს გადაკვეთის ადგილია.
მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად დიდი მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიური ინოვაციის დანერგვას, ისეთი ტექნოლოგიებისა და ორგანიზაციის წარმოების მეთოდების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფს გარემოს დაცვას. თანამედროვე ეტაპზე დგას ტექნიკისა და ტექნოლოგიების ეკოლოგიზაციის ამოცანა. აუცილებელი ხდება თვით წარმოების ტექნოლოგიის ტიპის გარდაქმნა ეკოლოგიურ საფუძვლებზე.
მსოფლიო პრაქტიკაში ეკოლოგიური ტექნოლოგიის დანერგვის სტიმულირება სხვადასხვა გზით ხდება. კერძოდ, ეს არის ბუნებადამზოგავი წარმოება, წესები, ნორმები, საკანონმდებლო აქტები, დაბინძურების შემცირებისათვის სუბსიდირების დაწესება, დაბეგვრით სტიმულირება და ა.შ.
მიგვაჩნია, რომ ეკოლოგიური დისბალანსის ლიკვიდაცია, ეკოლოგიური წონასწორობისაკენ სწრაფვა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა უნდა გახდეს. იგი უნდა დაიწყოს ეკონომიკის ტექნიკურ-ტექნოლოგიური დონის ამაღლებით, რაც დიდ საზოგადოებრივ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. ვფიქრობთ, ამასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანთა ცნობიერებისა და შეგნების ამაღლებაც.
სადავო არ არის ის ფაქტი, რომ გარემოს ვქმნით ჩვენ.
ჩვენმა არაგონივრულმა დამოკიდებულებამ ბუნებისადმი, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის არსებობას.
დიდია ადამიანის ეთიკური პასუხისმგებლობა ბუნების წინაშე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეკოლოგიური ეთიკა დღევანდელ მსოფლიოში ათას არაეთიკურ კითხვას ბადებს.
დღეს აშკარად ჩანს ეკოლოგიური პრობლემატიკის ეთიკური ასპექტი, ამიტომაცაა საჭირო ურთიერთობის ეთიკის ინტეგრირება ეკოგარემოსთან.
ეკონომიკის მიზანი არ არსებობს ადამიანის გარეშე. იგი ხომ კულტურულ-ისტორიული ფენომენია და არა ბუნების განვითარების შედეგი. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკა არ არის დამოუკიდებელი სისტემა, როგორც ბუნება. იგი შექმნილია ადამიანების მიერ ადამიანებისათვის.
ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მოკრძალებული დამოკიდებულება ბუნების მიმართ.
ადამიანმა თავისი გამომგონებლობა და ტექნოლოგიები უნდა მიმართოს დედამიწის სასიცოცხლო სისტემების უსასრულოდ სამართავად ადამიანთა კეთილდღეობისათვის. ამასთანავე, უნდა იყვნენ პასუხისმგებლიანი ხელმძღვანელები, ხელი შეუწყონ ეკონომიკური ზრდისა და განვითარების გარემოსდაცვითი თვალსაზრისით სასარგებლო ფორმებს და უარი თქვან გარემოსთვის საზიანო ფორმებზე.
სამეურნეო საქმიანობის მიზანი უნდა გახდეს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება და დაცვა.
თითოეულმა ეკონომიკურმა აგენტმა უნდა გაითავისოს, რომ დედამიწა ყველა ადამიანის საერთო საცხოვრებელი ოჯახია და მისი ნებისმიერი დაუშვებელი დაბინძურება ყველასათვის საზიანო იქნება.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ასათიანი რ. საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა. თბ., 2017.
2. ასათიანი რ., ექსტერნალიების სახელმწიფო რეგულირება. აკადემიკოს ავთანდილ გუნიას დაბადებიდან 105-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო ინტერნეტკონფერენციის მასალების კრებული, მდგრადი განვითარების თანამედროვე ეკონომიკური ტენდენციები, თბილისი, 2017.
3. გუროვა ი., მსოფლიო ეკონომიკა. თბ., 2014.
4. დვალიშვილი ლ. ატმოსფეროს დაცვა - მდგრადი განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა. აკადემიკოს ავთანდილ გუნიას დაბადებიდან 105-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო ინტერნეტკონფერენციის მასალების კრებული, მდგრადი განვითარების თანამედროვე ეკონომიკური ტენდენციები, თბილისი, 2017.
5. დვალიშვილი ლ., ეკოლოგიური და სასურსათო უსაფრთხოების საყოველთაო პრობლემები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო ინტერნეტ-კონფერენციის მასალათა კრებული, ეკონომიკური უსაფრთხოების გლობალური და ეროვნული პრობლემები, თბილისი, 2018.
6. ვეშაპიძე შ., გრიშიკაშვილი ა., ლეკაშვილი ე., ასლამაზაშვილი ლ., მსოფლიო ეკონომიკა. თბ., 2008.
7. სილაგაძე ა., მექვაბიშვილი ე., კახნიაშვილი ჯ., ეკონომიკა, თბ., 2003.
8. ქირთბაია მ., ბიზნესის ეთიკა. გამომცემლობა „ნეკერი“, 2008.
9. წერეთელი გ., გარემო ბუნების დაცვის ეკონომიკური პრობლემები. თბ., 1987.
10. Земцова Л.В. Экологические инновации и устоичивое развитие. Pozniakov.tut.su>somnar/a0102/ a 024.htm.
11. Стиглиц Дж. Экономика государственного сектора. Перевод с английского.М, инфра-М.1997.
12. www. Wikipedia org.ge
13. www. Greenpeace.com
14. http.//www.unecno.org
15. www.un.org/ru/ecosoc/imo/
16. http;//wwwunep.org/
17. www.ecolex.org
18. www. Earthwatch.unep.net
19. www. Nationalgeographic.com/xpeditions